English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ გიორგი ღაღანიძე
ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი და კონკურენტული უპირატესობები ევროკავშირის ბაზარზე

სტატიაში ავტორი იკვლევს საქართველოს საექსპორტო პოტენციალისა და ქართული პროდუქციის კონკურენტული უპირატესობის საკითხებს ევროკავშირის ბაზარზე. კერძოდ, გაანალიზებულია საექსპორტო პოტენციალის მოცულობა, მისი ათვისებისა და ზრდის შესაძლებლობები. საექსპორტო პოტენციალის ანალიზი ემყარება ევროკავშირის საიმპორტო ბაზრის დეტალურ ანალიზს კონკრეტული სასაქონლო ჯგუფების მიხედვით.

საკვანძო სიტყვები: საექსპორტო პოტენციალი, კონკურენტუნარიანობა, ვაჭრობის ინტენსივობა.

ევროკავშირის ბაზარი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საექ- სპორტო ბაზარს საქართველოსათვის. სწორედ ამ ბაზარზე უნდა იქნეს მიღწეული სტაბილური საექსპორტო გაყიდვები და ამ მიზნით პირველ რიგში უნდა შეფასდეს ამ ბაზრის საექსპორტო პოტენციალი. საქართველოს საგარეო ბაზარზე საექსპორტო პოტენციალის ათვისების ანალიზი უნდა დავიწყოთ ისეთი ფუნდამენტური ფაქტორის განხილვით, როგორიცაა საგარეო ვაჭრობის ნორმალიზაციის ინდექსი. ეს ინდექსი გვაძლევს შესაძლებლობას განვიხილოთ საექსპორტო პოტენციალის ასამაღლებლად ყველაზე უფრო პერსპექტიული საგარეო ბაზრები. საქართველოს საგარეო ვაჭრობის სავაჭრო ბალანსის ნორმალიზაციის ინდექსი გვიჩვენებს კონკრეტულ პარტნიორებთან საგარეო ვაჭრობის მდგომარეობას, კერძოდ: თუ მისი მნიშვნელობა იცვლება -1-დან 0-მდე, მაშინ ეს ნიშნავს მაღალ იმპორტს, ხოლო 0-დან +1-მდე კი პირიქით, ექსპორტის პრევალირებას იმპორტზე. ჩვენი აზრით, ამ ინდექსის მნიშვნელობა ცალკეული პარტნიორების მიხედვით უნდა იქნეს განხილული და შედარებული საერთო ინდექსთან. გაანგარიშებისათვის აღებული იქნა საქსტატის მაჩვენებლები.1

N=(X-M)/(X+M) , X - მთლიანი ექსპორტი, ხოლო M -მთლიანი იმპორტი.

საქართველოს სავაჭრო ბალანსის ნორმალიზაციის ინდექსი 2010-15წლებისათვის შემდეგია:

2010 წელი (-3580)/6934=-0.52;

2011 წელი (-4852)/9225=-0.53;

2012 წელი (-5661)/10413=-0.54;

2013 წელი (-5102)/10922=-0.47;

2014 წელი (-5733)/11454=-0.50;

2015 წელი (-5524)/9932=-0.56.

გავიანგარიშოთ ანალოგიური ინდექსი ყველა ძირითადი სავაჭრო პარტნიორისათვის (იხ. ცხრილები 1-5, ათასი აშშ დოლარი).

1. სტატიაში მოყვანილი გაანგარიშებები შესრულებულია თსუ-ს  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საგრანტო დაფინანსებით განხორციელებული კვლევის „საქართველოს საგარეო სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესების ძირითადი მიმართულების“ ფარგლებში.

 სავაჭრო ბალანსის ნორმალიზაციის ინდექსი ცალსახად მეტყველებს საქართველოს მხრიდან ყველა ძირითადი სავაჭრო პარტნიორის მიხედვით საექსპორტო პოტენციალის უფრო მნიშვნელოვნად ათვისების აუცილებლობაზე. ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია სწორად განისაზღვროს ძალისხმევის მიმართულება. მცირე რესურსების პირობებში აუცილებელია მათი გამოყენების ეფექტიანობის მაქსიმალური მნიშვნელობის მიღწევა. ყოველივე ზემოთქმული პრაქტიკული საქმიანობის ველში ნიშნავს იმ ბაზრების გამოყოფას, სადაც ყველაზე ნაკლებადაა ათვისებული საექსპორტო პოტენციალი და ამის შემდეგ ამ ბაზრებზე ძალისხმევის მაქსიმალური კონცენტრაციით საექსპორტო რეალიზაციის ზრდის მიღწევას. საექსპორტო პოტენციალის ათვისებისათვის გამოყენებულია ვაჭრობის ინტენსივობის ინდექსი. უნდა ითქვას, რომ ვაჭრობის ინტენსივობის ინდექსი აბსოლუტურად ზუსტად არ ზომავს საექსორტო პოტენციალს, მაგრამ რამდენიმე ბაზრის შედარების შემთხვევაში, ის ძალიან კარგად ასრულებს იმ ფუნქციას, რომ სწორად განისაზღვროს ბაზრები, სადაც საექსპორტო პოტენციალი ყველაზე უარესადაა ათვისებული და ამდენად ამ ბაზრებზე მოხდეს საექსპორტო აქტივობის კონცენტრაციის ხელშეწყობა. განვიხილოთ ვაჭრობის ინტენსივობა საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების მიხედვით. ვაჭრობის ინტენსივობის ინდექსი გვაძლევს შესაძლებლობას უკეთ შევაფასოთ საექსპორტო პოტენციალი. (იხ. ცხრილები 6-8, ზომის ერთეული ათასი აშშ დოლარი)

ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე, დსთ-სბაზრებთან შედარებით, გაცილებით უფრო ცუდი მაჩვენებლები აქვს, შესაბამისად, ევროკავშირის ბაზარზე საექსპორტო ძალისხმევის კონცენტრაცია აბსოლუტურად გამართლებული და რაციონალური გადაწყვეტილებაა. ცხადია, რომ ევროკავშირის ბაზარი მიმზიდველია ყველა ექსპორტიორისათვის. რა წარმოადგენს წარმატების განმსაზღვრელ ფაქტორებს ამ ბაზარზე, რა მიმართულებებზე უნდა მოხდეს საექსპორტო ძალისხმევის კონცენტრაცია? იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ საექსპორტო აქტივობების ძალისხმევის მიმართულება და მნიშვნელობა, ჩამოვაყალიბოთ შესაბამისი კვლევითი ჰიპოთეზები.

ჰიპოთეზა 1. საექსპორტო გაყიდვების ზრდისათვის, უფრო მნიშვნელოვანია ხანგრძლივვადიანი საექსპორტო პრაქტიკა, ვიდრე სავაჭრო რეჟიმი.

ჰიპოთეზა 2. საექსპორტო გაყიდვებში მანძილი ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე სავაჭრო რეჟიმი.

კვლევის პრაქტიკული მეთოდოლოგია განისაზღვრა შემდეგნაირად: აღებული იქნა საქართველოს ექსპორტის მაჩვენებლები საქონლის კლასიფიკაციის ჰარმონიზებული სისტემის 4 და 6-ნიშნა დონეზე. ერთიანი მიდგომის უზრუნველსაყოფად, ყველა მონაცემი აღებული იქნა საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის მონაცემთა ბაზიდან [1]. გარკვეული განსხვავებები საქართველოდან ექსპორტისა და ევროკავშირის წევრ ქვეყანაში აღრიცხულ იმპორტს შორის აიხსნება აღრიცხვის მეთოდოლოგიით, ვინაიდან ექსპორტი აღირიცხება საკონტრაქტო ფასის FOB ბაზაზე, ხოლო იმპორტი - საკონტრაქტო ფასის CIF ბაზაზე. ამის შემდეგ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შეფასებული იქნა საქართველოს საექსპორტო პოზიცია 6-ნიშნა დონეზე. შერჩეული იქნა (ჯერ 4-ნიშნა დონეზე, ხოლო შემდეგ 6 - ნიშნა დონეზე) შემდეგი სასაქონლო ჯგუფები: 0802; 2008; 2201; 2204; 2208; 2603; 3102; 4011; 6202; 7202. ქვემოთ მოცემულია სასაქონლო კოდების გაშიფრვა 4 და 6-ნიშნა დონეებზე:

0802 - თხილი და სხვა კაკალი;

080222 ახალი ან ხმელი ნაჭუჭგაცლილი, ტყის კაკალი, ანუ თხილი (Coryus spp.)

-2008 - ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული

200819 კაკალი და სხვა თესლები, ერთმანეთში შერეული ან შეურეველი, სხვა ხერხით დამზადებული ან დაკონსერვებული, შაქრის, სხვა დამატკბობელი ნივთიერებების ან სპირტის დანამატების შემცველობით ან მათ გარეშე, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი

2201 - მინერალური და მტკნარი წყლები.

220110 წყლები მინერალური და გაზიანი.

2204 - ყურძნის ნატურალური ღვინოები.

220421 ყურძნის ნატურალური ღვინოები (ყურძნის ცქრიალა ღვინოების გარდა),

-2 ლ ან ნაკლები ტევადობის ჭურჭელში.

2208 - ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80

მოც.%-ზე ნაკლები.

220820 სპირტის ნაყენები, მიღებული ყურძნის ღვინისა ან ჭაჭის დისტილაციის

-(გამოხდის) შედეგად.

2603 - მადნები და კონცენტრატები სპილენძის.

260300 სპილენძის მადნები და კონცენტრატები.

-3102 - სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი.

310230 ამონიუმის ნიტრატი, მათ შორის წყალხსნარში (მინერალური ან ქიმიური, -აზოტოვანი სასუქი).

4011 - რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი.

401110 რეზინის ახალი პნევმატური სალტეები და საბურავები მსუბუქი ავტომობილებისათვის (სატვირთო-სამგზავრო ავტომობილი-ფურგონებისა და სპორტული ავტომობილების ჩათვლით).

401120 რეზინის ახალი პნევმატური სალტეები და საბურავები ავტობუსებისა ან ტვირთის გადასაზიდი ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის.

6202 - პალტოები, ლაბადები და ანალოგიური ნაწარმი ქალისა ან გოგონასათვის. 620211 ქალისა ან გოგონების პალტოები, მოკლე პალტოები, მოსასხამები, ლაბადები, ქურთუკები და ანალოგიური ნაწარმი, მატყლის ნართისა ან ცხოველების წმინდა ბეწვის ნართისაგან, გარდა ტრიკოტაჟისა და 6204 სასაქონლო პოზიციის ნაწარმისა.

620219 ქალისა ან გოგონების პალტოები, მოკლე პალტოები, მოსასხამები, ლაბადები და ანალოგიური ნაწარმი, ტექსტილის მასალებისაგან, გარდა მატყლის ნართის ან ცხოველების წმინდა ბეწვის ნართისაგან, ბამბის ნართისაგან, ქიმიური ძაფებისაგან დამზადებულისა, ტრიკოტაჟისა და 6204 სასაქონლო პოზიციის ნაწარმისა

7202 – ფეროშენადნობები.

720230 ფეროსილიკომანგანუმი.

გავაანალიზოთ ცალკეული სასაქონლო ჯგუფების ექსპორტისა და ევროკავშირის შესაბამის ბაზრებზე საიმპორტო მონაცემები. სასაქონლო ჯგუფში - 0802 ევროკავშირის მთლიანი იმპორტი 2015 წელს შეადგენდა 8,2 მლრდ აშშ დოლლარს. აქედან ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ქვეყნები არიან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა 2,4 მლრდ; იტალია 1,3 მლრდ და ესპანეთი 1,1 მლრდ. საინტერესოა, რომ 4 - ნიშნა დონეზე მნიშვნელოვანი ექსპორტიორები არიან აშშ, თურქეთი, ჩინეთი, ავსტრალია, ირანი და საქართველო. 6 - ნიშნა დონეზე კი, სადაც საქართველო ახდენს ექსპორტირებას, პრაქტიკულად მხოლოდ თურქეთი და საქართველო არიან წარმოდგენილი. მაგალითად, იტალიაში ჩილემაც განახორციელა ექსპორტი 080222 სასაქონლო ჯგუფში 13,8 მლნ დოლარის, მაშინ როცა იმავე პერიოდში ექსპორტი საქართველოდან იყო 43,2 მლნ დოლარი. თხილის მოხმარების თავისებურებიდან შეიძლება მარტივად დავასკვნათ, რომ საქართველოდან ამ პროდუქციის ექსპორტს ევროკავშირში არანაირი პრობლემა არ ექნება, პრაქტიკულად გაიყიდება იმდენი, რამდენიც გვექნება თხილის მოსავალი, იმ ხარისხობრივი პარამეტრების გათვალისწინებით, რომელსაც ადგენენ ევროკავშირის ბაზარზე. ამდენად, ამ სასაქონლო ჯგუფში მიზანშეწონილია წარმოების მოცულობის მაქსიმალური ზრდა, რაც მოითხოვს თხილის პლანტაციების გაშენებას. ეს უკანასკნელი უნდა გამოცხადდეს სახელმწიფოებრივ პრიორიტეტად და შესაბამისად მოხდეს მისი წარმოების მოცულობის ზრდის ხელშეწყობა.

შემდეგი სასაქონლო ჯგუფია 2201, სადაც წარმოდგენილია 6 - ნიშნა დონეზე ერთი პოზიცია 220110, ხოლო ექსპორტის აბსოლუტური უმრავლესობა განხორციელდა ლიტვაში. საქართველო ლიტვაში ამ სასაქონლო ჯგუფში ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია. ამდენად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ლიტვაში ექსპორტირებას ხელს უწყობს აღნიშნული პროდუქციის მაღალი ცნობადობა, ჯერ კიდევ სსრკ-ს  პერიოდიდან.

2204 სასაქონლო ჯგუფში ასევე ერთი ძირითადი საექსპორტო პოზიცია გვაქვს - 220421, ხოლო ძირითადი საექსპორტო ქვეყანა პოლონეთია. პოლონეთში საქართველოს ექსპორტის მოცულობაა 4,9 მლნ დოლარი, ასევე ექსპორტი განხორციელდა ლატვიაში 2,8 მლნ; ესტონეთში 1,6 მლნ; ლიტვაში 1,5 მლნ. 220421 სასაქონლო ჯგუფის მთლიანი იმპორტი პოლონეთში შეადგენდა 254 მლნ-ს, ხოლო წამყვანი ექსპორტიორები არიან აშშ - 40 მლნ, ჩილე - 18,1 მლნ, მოლდოვა - 9,2 მლნ. არც აშშ-ს და არც ჩილეს საქართველოსთან შედარებით არ გააჩნია რაიმე უპირატესობა ან სავაჭრო რეჟიმის ან მანძილის მიხედვით. ალბათ, ეს სასაქონლო ჯგუფი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტულია საქართველოში, კარგად აჩვენებს სტატიაში წარმოდგენილი კვლევითი ჰიპოთეზების სისწორეს.

2208 ჯგუფში ასევე ერთი პოზიციაა, კერძოდ - 220820, სადაც ძირითადი იმპორტიორია საფრანგეთი, ხოლო ყველაზე დიდი ექსპორტიორი ესპანეთი - 35,1 მლნ, შემდეგია საქართველო - 10,1 მლნ და იტალია - 7,1 მლნ. ამ პროდუქციის მიწოდების თავისებურებები ასევე აჩვენებს, რომ საქართველოს აქვს არა საექსპორტო ბაზრების, არამედ საექსპორტო პროდუქციის პრობლემა.

სასაქონლო ჯგუფში - 2603 ძირითადი პოზიცია არის 260300, რომლის წამყვანი საექსპორტო ბაზრებია ბულგარეთი - 140,9 მლნ; ესპანეთი - 21,9 მლნ, რუმინეთი - 10,3 მლნ. ბულგარეთის იმპორტში წამყვანი ადგილი უკავია ავსტრალიას 156,8 მლნ-ით, ხოლო შემდეგ პოზიციაზეა საქართველო - 143,5 მლნ.

ესპანეთში უმსვილესი ექსპორტიორები 260300 სასაქონლო ჯგუფში არიან ჩილე - 983,8 მლნ; პერუ - 465,2 მლნ; აშშ - 410 მლნ; ბრაზილია - 222,7 მლნ; ინდონეზია - 159,3 მლნ; არგენტინა - 133,2 მლნ; კანადა - 86,8 მლნ; სომხეთი - 40,4 მლნ; კოლუმბია - 25,2 მლნ. ამ პროდუქციის ექსპორტში მთავარია თვით პროდუქციის რაოდენობა და ამდენად აქაც ექსპორტში პრობლემები არ გვექნება, თუ გვექნა შესაბამისი რაოდენობით პროდუქცია.

სასაქონლო პოზიციაში 3102, რომელიც ყველაზე მაღალი დივერსიფიკაციით გამოირჩევა ევროკავშირის ბაზარზე, კერძოდ 6-ნიშნა დონეზე - 310230 ექსპორტირებულია ბულგარეთში - 14,6 მლნ; რუმინეთში - 3,3 მლნ; საბერძნეთში - 2,7 მლნ; ესპანეთში - 2,3 მლნ; იტალიაში - 1,3 მლნ. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, სადაც საქართველო ანხორციელებს ექსპორტს, ის ლიდერია. ამ მოვლენას აქვს ორი ახსნა: პირველი, აღნიშნული პროდუქციის გამოყენების შეზღუდული არეალი, მეორე, აღნიშნული პროდუქციის მწარმოებლების შეზღუდული რაოდენობა. ამდენად, აქ არსებული საექსპორტო პოტენციალი საკმაოდ შეზღუდულია. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია ექსპორტის გარკვეული ზრდა, წარმოების მოცულობის ზრდის კვალობაზე.

სასაქონლო ჯგუფში - 2008, ასევე ერთი პოზიციაა 6-ნიშნა დონეზე - 200819, საქართველოს ექსპორტი გერმანიაში დაბალია 6,6, მლნ, მაშინ როცა თურქეთის ექსპორტი შეადგენს 509,5 მლნ, რუსეთის ფედერაციის 12 მლნ-ს. აქ მიზანშეწონილია განხილული იქნეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საფუძველზე ახალი საწარმოო სიმძლავრეების ფორმირების საკითხები.

სასაქონლო ჯგუფში - 4011, გვაქვს ორი ქვეჯგუფი 6-ნიშნა დონეზე - 401110 და 401120. საქართველოს ძირითადი საექსპორტო ბაზარია ნიდერლანდების სამეფო 12,1 მლნ (ჯგუფი 401110), რომლის მთლიანი იმპორტი შეადგენს 1,6 მლრდს. 401120-ის ექსპორტი განხორციელდა გერმანიაში - 2,6 მლნ, მაშინ როცა გერმანიის იმპორტი შეადგენს 3,1 მლრდს. ამ სასაქონლო ჯგუფებში აშკარაა არსებული პოტენციალი, თუმცა საქართველოს ექსპორტი ძალიან მცირეა ამ ეტაპზე. ამდენად, მიზანშეწონილია ექსპორტის წახალისების კონკრეტული მექანიზმების ფორმირება, პირველ რიგში - პუი-ს მოზიდვით.

სასაქონლო ჯგუფი 6202 წარმოდგენილია 6-ნიშნა დონეზე ორი ჯგუფით -620211 და 620219. ძირითადი საექსპორტო ბაზრებია იტალია და გერმანია, იტალიაში ექსპორტი შეადგენს 5,7 მლნ, ხოლო გერმანიაში 1,4 მლნ. ხოლო, იმავე პერიოდში იტალიის იმპორტში წამყვანი პოზიციები უკავია ჩინეთს - 407,8 მლნ, ვიეტნამს - 26,6; ბოსნია-ჰერცოგოვინას - 24,6 მლნ. ამ პროდუქციის თავისებურებებიდან გამომდინარე, რთული წარმოსადგენია საქართველოს ექსპორტის ზრდა, ვინაიდან ძირითად ექსპორტიორებს აშკარა უპირატესობები აქვთ პროდუქციაზე დანახარჯების თვალსაზრისით.

სასაქონლო ჯგუფში – 7202, წარმოდგენილია ერთი ქვეჯგუფი 6-ნიშნა  დონეზე - 720230. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ამ სასაქონლო ჯგუფში ძლიერი პოზიციები აქვს: ესპანეთსა და საბერძნეთში ის პირველი ექსპორტიორია; ბრიტანეთში - მეორე, მას უსწრებს მხოლოდ უკრაინა; პორტუგალიასა და საფრანგეთში - მესამე, პორტუგალიაში მას უსწრებენ უკრაინა და სამხრეთ აფრიკა, ხოლო საფრანგეთში -ნორვეგია და კორეა, ბულგარეთში საქართველოზე მაღალი ექსპორტი აქვთ უკრაინას, ინდოეთს, ჰონგ-კონგს და ნორვეგიას. აღსანიშნავია, რომ სწორედ ესპანეთსა და საბერძნეთში უფრო მაღალია ექსპორტის აბსოლუტური მაჩვენებლები. აქ მნიშვნელოვანია ორი საკითხის გამიჯვნა: პირველია, აღნიშნული პროდუქციის გამოყენების შეზღუდული არეალი, ხოლო მეორე, აღნიშნული პროდუქციის წარმოების სპეციფიკა. რეალისტური შეფასებით, ექსპორტის ზრდა შესაძლებელია წარმოების მოცულობის ზრდის ხარჯზე. რამდენადაც გაიზრდება წარმოების მოცულობა, იმდენად გაიზრდება ექსპორტი.

საინტერესოა განვიხილოთ აღნიშნული სასაქონლო ჯგუფების (4-ნიშნადონე- ზე) კონკურენტუნარიანობა, როგორც ცალკეული ძირითადი პარტნიორების, ასევე საერთო მაჩვენებლების მიხედვით. (იხ ცხრილი 9 – გამოვლენილი კონკურენტული უპირატესობები).

აღსანიშნავია, რომ გამოვლენილი კონკურენტული უპირატესობები მნიშვნელოვნად განსხვავდება ბაზრების მიხედვით, რაც ართულებს პროდუქციის ექსპორტირებისას მისი დივერსიფიცირების შესაძლებლობებს.

არ შეიძლება კვლევას დასრულებული სახე ჰქონდეს, თუ არ მოხდება ექსპორტის კონცენტრაციის შეფასება. ამ მიზნით ვიყენებთ საექსპორტო კონცენტრაციის ჰერფინდალის ინდექსს, ინდექსი გააინგარიშება:

Hi=√∑(Xik2

Xik - საქართველოს k პროდუქტის ექსპორტია კონკრეტულ ქვეყანაში, რაც უფრო მაღალია ინდექსი, მით უფრო მაღალია კონცენტრაცია.

როგორც ჰერფინდალის ინდექსი აჩვენებს, ექსპორტის კონცენტრაცია ევროკავშირში დაბალია, რაც პოზიტიური მოვლენაა.

ევროკავშირში საქართველოს ექსპორტის ანალიზიდან ვაკეთებთ შემდეგ დასკვნებს:

1.საქართველო ევროკავშირში ახორციელებს ნედლეულის ექსპორტს. ნედლეულზე დაბალი ფასების გამო, თავისუფალი ვაჭრობით მიღებული პრეფერენციები უმნიშვნელოა. ევროკავშირი ნედლეულის ყველა იმპორტიორს საკმაოდ კარგ პირობებს სთავაზობს და ამდენად რაიმე უპირატესობის მიღწევა მხოლოდ სავაჭრო რეჟიმის ხარჯზე შეუძლებელი იქნება. თანამედროვე სატრანსპორტო სისტემების განვითარებამ კი მნიშვნელოვნად შეამცირა სატრანსპორტო დანახარჯები, რაც ასევე ართულებს გეოგრაფიული სიახლოვის საფუძველზე რაიმე უპირატესობის მიღებას;

2.საქართველოს მიერ მიწოდებული სამრეწველო პროდუქცია დაბალტექნოლოგიურია და ის თავისი მახასიათებლებით, უახლოვდება ნედლეულის სასაქონლო ჯგუფს. ამდენად, სავაჭრო რეჟიმისა და გეოგრაფიული სიახლოვის ხარჯზე, რაიმე ხელშესახები უპირატესობის მიღწევა ასევე შეუძლებელი იქნება;

3.ანალიზმა დაადასტურა საქართველოსთან მიმართებით წამოყენებული კვლევითი ჰიპოთეზების სისწორე, ვინაიდან უფრო უარესი სავაჭრო რეჟიმის მქონე და საქართველოზე შორს მყოფი ქვეყნებიდან განხორციელებული ექსპორტი აჭარბებს ქართულ ექსპორტს;

4.თხილის ექსპორტის ანალიზი ცხადყოფს, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე უპირატესობის მიღება უნდა ეფუძნებოდეს ბუნებრივ-კლიმატურ თავისებურებებს. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მოხდეს ცალკეული პროდუქციის წარმოების შედარება, კერძოდ რამდენად ადრე მწიფდება სოფლის მეურნეობის პროდუქცია საქართველოში, ვიდრე ევროკავშირში, რამდენად შესაძლებელია მაღალი ფასის მქონე პროდუქციის (მაგალითად, კენკროვანი პროდუქცია) ექსპორტირება ევროკავშირში. მიზანშეწონილია ევროკავშირთან მიმართებით შემუშავდეს სექტორალური საექსპორტო სტრატეგიები, სადაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული საქართველოს უპირატესობები. ასევე ყურადღება უნდა მიექცეს გადამამუშავებელი სიმძლავრეების განვითარებას, ვინაიდან ასეთ პროდუქციას აქვს უფრო მაღალი დამატებული ღირებულება და სწორედ ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება სავაჭრო რეჟიმის საფუძველზე უპირატესობის მიღება. სამრეწველო პროდუქციასთან მიმართებით კი, მიზანშეწონილია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან ინვესტორებს დაუწესდეთ დამატებითი შეღავათები, რათა მოხდეს მათი პუი-ს წახალისება საქართველოში.

ლიტერატურა:

1.საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი, ITC, www. intracen.org